რა არის კალისტენიკსი
კალისტენიკსი არის ძალისმიერი და ფუნქციური ვარჯიშის მიმართულება, რომლის დროსაც ძირითადად წინააღმდეგობად საკუთარი სხეულის წონა გამოიყენება. მისი მიზანია ძალის, კუნთოვანი მასის, ბალანსის, გამძლეობის, კოორდინაციისა და სხეულის კონტროლის განვითარება. კალისტენიკსში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რელატიურ ძალას - ადამიანის ძალის შესაძლებლობას საკუთარი სხეულის წონასთან მიმართებით.
კალისტენიკსის უპირატესობები
1.ფუნქციური ძალა და ესთეტიკური სხეული
კალისტენიკსის ვარჯიშების დროს ერთდროულად მუშაობს სხეულის მრავალი კუნთოვანი ჯგუფი. ეს ხელს უწყობს ფუნქციური ძალის, კოორდინაციის, მობილობისა და სხეულის კონტროლის განვითარებას.
რეგულარული და სწორად დაგეგმილი ვარჯიში ასევე ხელს უწყობს ჰარმონიული და ათლეტური აღნაგობის ჩამოყალიბებას.
2.ხელმისაწვდომობა
კალისტენიკსით ვარჯიში შესაძლებელია სხვადასხვა გარემოში - სახლში, სპორტულ დარბაზში ან ღია სავარჯიშო მოედანზე. დასაწყებად საჭიროა მინიმალური ინვენტარი, ხოლო ბევრი საბაზისო ვარჯიშის შესრულება საერთოდ დამატებითი აღჭურვილობის გარეშეც შეიძლება.
სწორად შერჩეული პროგრესიების გამოყენებით კალისტენიკსით ვარჯიში შესაძლებელია სხვადასხვა ასაკისა და ფიზიკური მომზადების დონის ადამიანებისთვის.
3.მრავალფეროვანი და საინტერესო ვარჯიში
კალისტენიკსში თითქმის ყველა მოძრაობას გააჩნია როგორც მარტივი, ისე რთული ვარიაციები. ეს სპორტსმენს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად გაზარდოს დატვირთვა და მუდმივად დაისახოს ახალი მიზნები.
საბაზისო მოძრაობებიდან შესაძლებელია ეტაპობრივად გადასვლა რთულ ძალისმიერ, სტატიკურ და დინამიკურ ელემენტებზე.
ვარჯიში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად - მეგობრებთან და სხვა სპორტსმენებთან ერთად.
კალისტენიკსის ისტორია და განვითარება
საკუთარი სხეულის წონით ფიზიკურ ვარჯიშს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მსგავსი ტიპის ვარჯიშები სხვადასხვა ეპოქაში გამოიყენებოდა ფიზიკური მომზადების, სამხედრო წვრთნისა და ათლეტური განვითარების მიზნით.
სიტყვა Calisthenics ბერძნულ ფუძეებს უკავშირდება: Kallos - „სილამაზე“, Sthenos - „ძალა“. სწორედ სილამაზისა და ძალის ერთობლიობა კარგად გამოხატავს თანამედროვე კალისტენიკსის ერთ-ერთ მთავარ იდეას - ძლიერი, ფუნქციური და სხეულზე სრულად კონტროლის მქონე ათლეტის განვითარებას.
საკუთარი სხეულის წონით ვარჯიშები ფართოდ გამოიყენება ტანვარჯიშში, სხვადასხვა სპორტის ფიზიკურ მომზადებასა და სამხედრო მომზადების სისტემებში.
XXI საუკუნის დასაწყისიდან, განსაკუთრებით სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის განვითარების პარალელურად, კალისტენიკსისა და Street Workout-ის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს კალისტენიკსი საერთაშორისო სპორტულ და სავარჯიშო კულტურად ჩამოყალიბდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება შეჯიბრებები და ღონისძიებები, სადაც სპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებასა და ფორმატში ეჯიბრებიან.
კალისტენიკსისა და Street Workout-ის ძირითადი მიმართულებები
კალისტენიკსისა და Street Workout-ის სპორტულ გარემოში გვხვდება რამდენიმე განსხვავებული მიმართულება და შეჯიბრების ფორმატი. ამ დოკუმენტში გამოვყოფთ ოთხ ძირითად მიმართულებას:
1. გამძლეობა (Endurance / Sets & Reps) 2. სტატიკა (Statics) 3. ფრისტაილი (Freestyle) 4. სთრითლიფტინგი (Streetlifting)
1.გამძლეობა - Endurance / Sets & Reps
გამძლეობის მიმართულებაში სპორტსმენის მიზანია განსაზღვრული წესებისა და ფორმატის შესაბამისად შეასრულოს კონკრეტული მოძრაობების მაქსიმალური რაოდენობა ან მოცემული სავარჯიშო კომპლექსი განსაზღვრულ დროში.
შეჯიბრების ფორმატის მიხედვით მოძრაობები შეიძლება შესრულდეს როგორც მხოლოდ სხეულის წონით, ისე დამატებითი წონით. ძირითადი მოძრაობებია:
• ძელზე აწევა - Pull-up
• აზიდვა - Push-up
• ორელზე ამოსვლა - Dip
• Muscle-up
• ჩაჯდომა - Squat
ეს მოძრაობები კალისტენიკსის საბაზისო სავარჯიშოებს წარმოადგენს და მათი სწორად ათვისება მნიშვნელოვანი საფუძველია სპორტსმენის შემდგომი პროგრესისთვის.
2.სტატიკა - Statics
სტატიკური ელემენტები ძირითადად იზომეტრიულ ძალას, სხეულის კონტროლსა და ტექნიკას მოითხოვს. სპორტსმენი ცდილობს საკუთარი სხეული გრავიტაციის საწინააღმდეგოდ კონკრეტულ პოზიციაში გააჩეროს. სტატიკური ელემენტებია:
• Planche
• Front Lever
• Maltese
• Victorian
• L-sit
• Handstand
და სხვა...
სტატიკის მიმართულება მხოლოდ კონკრეტული პოზიციის შენარჩუნებით არ შემოიფარგლება. მაღალ დონეზე სპორტსმენები ასრულებენ ძალისმიერ მოძრაობებსა და გადასვლებსაც, მაგალითად:
• Planche Push-up
• Planche Press
• Front Lever Pull-up
• Handstand Push-up...
მაღალი დონის სტატიკური ელემენტების შესრულებაზე გავლენას ახდენს რელატიური ძალა, სხეულის კომპოზიცია, ანთროპომეტრიული მონაცემები, ტექნიკა და მრავალწლიანი მომზადება.
მიუხედავად ამისა, სტატიკური ვარჯიშების დაწყება სხვადასხვა დონის სპორტსმენისთვის არის შესაძლებელი შესაბამისი პროგრესიების გამოყენებით.
3.ფრისტაილი - Freestyle
ფრისტაილი კალისტენიკსისა და Street Workout-ის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მიმართულებაა. იგი აერთიანებს სტატიკურ, ძალისმიერ და დინამიკურ ელემენტებს.
დინამიკური მოძრაობები ხშირად სრულდება ძელზე და მოითხოვს მაღალ კოორდინაციას, ტექნიკას, სივრცეში ორიენტაციასა და სხეულის კონტროლს.
დინამიკური ელემენტების მაგალითებია:
• 360
• 540
• Double 360
• Alley-oop
• Shrimp Flip
• Geinger...
ფრისტაილის დროს სპორტსმენი სხვადასხვა მოძრაობას ერთმანეთთან აკავშირებს და ქმნის კომბინაციას. როგორც სახელწოდება Freestyle მიუთითებს, ამ მიმართულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თავისუფალ სტილს, ინდივიდუალურ ტექნიკას, კრეატიულობასა და შესრულების უნიკალურობას.
4.სთრითლიფტინგი - Streetlifting
სთრითლიფტინგი არის ძალისმიერი სპორტული მიმართულება, რომელიც კალისტენიკსის საბაზისო მოძრაობების დამატებითი წონით შესრულებას ეფუძნება.
სხვადასხვა ორგანიზაციისა და შეჯიბრების მიხედვით სთრითლიფტინგის ფორმატი შეიძლება განსხვავდებოდეს.
გავრცელებული სავარჯიშო მოძრაობებია:
• დამატებითი წონით Pull-up / Chin-up
• დამატებითი წონით Dip
• დამატებითი წონით Muscle-up
• Back Squat
უმეტესი შეჯიბრის ფორმატში, სპორტსმენის მიზანია ერთ გამეორებაში მაქსიმალური დამატებითი წონის - 1RM (One-Repetition Maximum) - დაფიქსირება.
კალისტენიკსისთვის საჭირო დანადგარები და ინვენტარი
კალისტენიკსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ვარჯიშის დაწყება მინიმალური აღჭურვილობით არის შესაძლებელი.
სპორტსმენის განვითარებასა და სხვადასხვა მიმართულებით პროგრესირებაში განსაკუთრებით სასარგებლოა:
• მაღალი ძელი - High Bar / Pull-up Bar
• ორელები - Parallel Bars / Dip Bars
• პარალეტები - Parallettes
• ტანვარჯიშის რგოლები - Gymnastic Rings
• წონიანი ჟილეტი - Weighted Vest
• სავარჯიშო რეზინები - Resistance Bands
• დამატებითი წონის ქამარი - Dip Belt / Weight Belt
• დამატებითი წონები / დისკები - Weight Plates
კალისტენიკსი საშუალებას გვაძლევს მუდმივად დავისახოთ ახალი მიზნები - პირველი სწორად შესრულებული აზიდვიდან დაწყებული, მაღალი დონის ძალისმიერი, სტატიკური და დინამიკური ელემენტებით დასრულებული.
მთავარია სწორი ტექნიკა, თანმიმდევრული პროგრესი, დისციპლინა და საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი განვითარება.
BEAUTY IN STRENGTH • POWER IN MOTION სილამაზე ძალაში • ძალა მოძრაობაში